„ორდაბასის“ მწვრთნელი - საწყენია, რომ „ტორპედოსთან“ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ #1TVSPORT
„ორდაბასის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი მარტინმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ქუთაისის „ტორპედოსთან“ საპასუხო მატჩის (1:1) შედეგზე და ტურნირიდან გავარდნაზე კომენტარი გააკეთა.
„ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ გუნდი შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. კარში პირველივე დარტყმა ძალიან ადვილად გავუშვით და რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით.
შემდეგ ყველამ დაინახა – იყო მომენტები, როდესაც ფეხბურთელები ვალდებულები არიან, რომ გაიტანონ. ჩვენ „ტორპედოს“ კარისკენ 25-ჯერ დავარტყით, მოწინააღმდეგემ – სულ სამჯერ, მაგრამ, სამწუხაროდ, გოლი დროულად ვერ გავიტანეთ. დიდი ხანია ასე გრძელდება, გვჭირდება თავდამსხმელი, რომელსაც შეუძლია მშვიდად, ცივსისხლიანად იმოქმედოს.
გუნდის მონდომებაზე პრეტენზიები არ მაქვს – დღეს ასე მოხდა, რომ შემდეგ ეტაპზე „ტორპედო“ გავიდა. ახლა კიდევ უფრო მწყდება გული ქუთაისში ბოლო წუთზე გაშვებული ბურთის გამო. ვულოცავ „ტორპედოს“ წარმატებას, ჩვენ კი, სამწუხაროდ, გულდაწყვეტილები დავრჩით“, – თქვა მარტინმა თამაშის შემდეგ.