„ორბის“ მიერ ფიფა-ში სარჩელის შეტანის გადაწყვეტილებას რუსული კლუბი გამოეხმაურა #1TVSPORT
„ორბის“ მიერ ფიფა-ში სარჩელის შეტანის გადაწყვეტილებას რუსული კლუბი გამოეხმაურა #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „ორბის“ 21 წლის ფეხბურთელი ვახო ბედოშვილი „ნიჟნი ნოვგოროდში“ გუნდის დაუკითხავად გადავიდა, რის გამოც ქართული კლუბი ფიფა-ში სარჩელის შეტანას აპირებს.

რუსული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრე უდალცოვმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ტრანსფერი წესების დაცვით განხორციელდა.

„ნიჟნი ნოვგოროდმა“ 21 წლის ბედოშვილის ტრანსფერის შესახებ ორშაბათს, 4 აგვისტოს ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მათ ისარგებლეს კონტრაქტში არსებული ტრანსფერის გამოსყიდვის პუნქტით და ბედოშვილთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. საპასუხოდ, „ორბის“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ფეხბურთელისა და რუსული კლუბის წინააღმდეგ ფიფა-ში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

„ფიფას-ში სარჩელს შეიტანს თუ არა, ეს „ორბის“ საქმეა. ვახო ბედოშვილის ყოფილ კლუბსა და „გარეჯს“ შორის გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში მითითებული იყო გამოსასყიდი თანხა. სხვა კლუბებისგან განსხვავებით, რომლებიც ასევე დაინტერესებულნი იყვნენ მოთამაშის შეძენით, ჩვენ ვიცოდით ამ პუნქტის შესახებ და ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ.

შესაძლოა, „ორბს“ ტრანსფერიდან მეტი ფულის მიღება სურდა, ვიდრე გამოსყიდვის პუნქტში იყო მითითებული. ვფიქრობ, მხარეების მიერ შეთანხმებული და ხელმოწერილი კონტრაქტის გასაჩივრების საფუძველი არ არსებობს.

„ორბის“ ქმედებებზე კომენტარის გაკეთება ჩემი კომპეტენცია არ არის. გვიხარია, რომ ბედოშვილი ჩვენთან ითამაშებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. კარგია, რომ მოვახერხეთ მასთან კონტრაქტის გაფორმება და ჩვენი გუნდის წევრი გახდა“, – ამბობს უდალცოვი.