ოქსანა კალაშნიკოვამ უიმბლდონის მეორე წრეში გააღწია
ოქსანა კალაშნიკოვამ უიმბლდონის მეორე წრეში გააღწია

უიმბლდონზე მეორე დღეა დაიწყო წყვილების ტურნირები. ქალებში თამაშობს ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა. მისი მეწყვილეა ჩინელი სინ-იუნ ჰანი. ამ დუეტმა მოგებით დაიწყო გამოსვლა.

პირველ წრეში კალაშნიკოვა და ჰანი ამერიკელ მედისონ ბრენგლსა და ზელანდიელ ერინ რუტლიფს ხვდებოდნენ, რომლებმაც კარგად დაიწყეს მატჩი, პირველი ოთხი გეიმი ზედიზედ მოიგეს და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულეს.

მეორე სეტში კალაშნიკოვა და ჰანი ძალიან ახლოს იყვნენ წაგებასთან – ისინი სამჯერ ჩამორჩნენ ბრეიკით, მეათე გეიმში ოთხი მატჩბოლი მოიგერიეს და საბოლოოდ, 3:5-დან ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით სეტებში ანგარიში გაათანაბრეს.

მესამე სეტში ქართველსა და ჩინელს უკვე დიდი უპირატესობა ჰქონდათ. მათ პირველ ბრეიკს მეტოქემ უპასუხა უკუბრეიკით, მაგრამ კალაშნიკოვამ და ჰანმა ისევ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღეს და მეორე წრეში გავიდნენ – 4:6, 7:5, 6:1.

ქართულ-ჩინური დუეტის მეტოქე გაირკვევა მატჩში, რომელშიც რუსი კასატკინა და ესტონელი კონტავეიტი შეხვდებიან რუმინელებს – ბეგუსა და ნიკულესკუს.