ოქსანა კალაშნიკოვა როლან გაროსის მეორე წრეშია
ოქსანა კალაშნიკოვა როლან გაროსის მეორე წრეშია

როლან გაროსის ქალთა წყვილების ტურნირზე წარმატებით გაიარა პირველი წრე ოქსანა კალაშნიკოვამ.

ქართველმა იაპონელ ნაო ჰიბინოსთან წყვილში რუსი დარია კასატკინასა და ავსტრალიელი დარია გავრილოვას ძალიან ძლიერი დუეტი დაამარცხა. კასატკინა და გავრილოვა ერთეულებში კლასიფიკაციის მე-14 და 25-ე ადგილებზე არიან, მაგრამ მათმა ტანდემმა ორ სეტში 3:6, 6:7(3) წააგო.

კალაშნიკოვამ და ჰიბინომ შესანიშნავად დაიწყეს და პირველ სეტში 3:0 დაწინაურდნენ. შემდეგ მეორე ბრეიკით განავრცეს ეს უპირატესობა და მეტოქემ მხოლოდ ერთი უკუბრეიკით შეძლო პასუხის გაცემა.

ქართველსა და იაპონელს მეორე სეტის იოლად მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ ჯერ ორმაგი ბრეიკით მოპოვებული უპირატესობა გაფლანგეს, შემდეგ კი მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლეს და ტაიბრეიკის თამაში მოუწიათ, სადაც თავიდანვე 5:1 დაწინაურდნენ და შანსი ხელიდან არ გაუშვეს.

1/16 ფინალში კალაშნიკოვასა და ჰიბინოს სერიოზული გამოცდა ელოდებათ – მათი მეტოქე იქნება პირველ ნომრად განთესილი წყვილი უნგრელი ტიმეა ბაბოშისა და ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩის შემადგენლობით.