ოქროს ქულები დაკარგულია - ბათუმის „დინამომ“ კონკურენტ თბილისის „დინამოს“ შანსი დაუტოვა #1TVSPORT
ოქროს ქულები დაკარგულია - ბათუმის „დინამომ“ კონკურენტ თბილისის „დინამოს“ შანსი დაუტოვა #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში, საგურამოში „ლოკომოტივს“ ესტუმრა და მიუხედავად უპირატესობისა, მხოლოდ ქულას დასჯერდა, რაც საჩემპიონო ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

თუმცა, გია გეგუჩაძის გუნდი მეორე ტაიმში აგრესიული იყო და გოლის გატანის არაერთი რეალური შანსი შექმნა. განსაკუთრებით მწვავედ „დინამომ“ მეორე ტაიმში შეუტია, მაგრამ ჯაბა ჯიღაურმა ორჯერ ახლოდან ვერ გაიტანა, მეკარე რეზო თევდორაძემ კარგი რეაქცია გამოავლინა ლადო მამაუჩაშვილის შესრულებულ ჯარიმაზე და მამუკა კობახიძის დარტყმაზე, სანდრო ალთუნაშვილმა, ჯოვინო ფლამარიონმა და გიორგი ზარიამ კარს ააცილეს.

საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა და ბათუმის „დინამო“ 68 ქულით სატურნირო ცხრილში ისევ პირველ ადგილზეა, მაგრამ კონკურენტ „დინამო თბილისს“ (63) ჩამორჩენის შემცირების რეალური შანსი მისცა.

„დინამო თბილისი“ დღესვე ტურის მატჩს გორში „დილასთან“ მართავს და ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ ჩამორჩენის ორ ქულამდე შემცირების შანსი გააჩნია.