ოქროს მედლის და რევანშის შანსი - გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ასპარეზობდნენ. ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილი კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში უკრაინელ სერგი კრივჩაჩს შეხვდა და დამატებით დროში ულამაზესი გდებით დაამარცხა. ქართველი ოქროს მედლისთვის მატიას კასეს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ დაპირისპირებაში ტატო ბელგიელ მეტოქესთან დამარცხდა – ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, შესაბამისად ქართველ ძიუდოისტს რევანშის შანსი აქვს.

დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი მეორე ქართველი ლაშა შავდათუაშვილი კი ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და მერვედფინალში იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან დამატებით დროში დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პირდაპირი ტრანსლაციები 30 აპრილს და 1 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.