ოქრიაშვილს „მწვანე შუქი“ აუნთეს - ქართველი აბსოლუტურად ჯანმრთელია
ოქრიაშვილს „მწვანე შუქი“ აუნთეს - ქართველი აბსოლუტურად ჯანმრთელია

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ გუშემატკივრებისთვის კარგი ამბავია – საქართველოს ნაკრების თამაშების შემდეგ კვიპროსში ჩასულ თორნიკე ოქრიაშვილს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ის სათამაშოდ მზადაა.

„გუნდისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ექიმების დასკვნის მოსმენა. ქართველი ფორვარდი სრულად გამოჯანმრთელდა მცირე ტრავმის შემდეგ, რამაც ხელი შეუშალა მონაწილეობა მიეღო ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში, რომელშიც საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა”, – წერს გამოცემა „ფილნიუსი“.

მისივე ცნობით, 16 ოქტომბერს ქართველ ფეხბურთელს არ უვარჯიშია:

„თორნიკე ოქრიაშვილმა გუნდის ვარჯიში გამოტოვა. ქართველი შემტევის პრობლემა სერიოზული არაა, თუმცა გუნდში მისი მდგომარეობა გაითვალისწინეს და ვარჯიში მხოლოდ პრევენციული მიზეზით გამოატოვებინეს“.

ახლა ოქრიაშვილის თამაში მწვრთნელზეა დამოკიდებული: „მისი მოედანზე გამოსვლა 17 ოქტომბერს „ნეა სალამინასთან“ მატჩში დამოკიდებულია თემურ ქეცბაიაზე. ფამაგუსტელთა მწვრთნელმა „ანორთოსისის“ სამედიცინო პერსონალისგან „მწვანე შუქი“ მიიღო და გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მიეცემა თუ არა ოქრიაშვილს ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება, მატჩის დღეს გახდება ცნობილი“.

ფილნიუსი” გუნდის სხვა ქართველებზეც წერს:

„ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების დანარჩენ სამ წევრთან, გიორგი ლორიასთან, გიორგი ქვილითაიასთან და მურთაზ დაუშვილთან ერთად კვირას დაბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად მხოლოდ ერთხელ ივარჯიშეს, სავარაუდოდ, „ანორთოსისის“ სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან“.