ოქრიაშვილმა ისევ გაიტანა - „ანორთოსისმა“ მოქმედი ჩემპიონი ვერ დაამარცხა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურში ლარნაკასსტადიო ანტონის პაპანდოპულოსზე“ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მოქმედ ჩემპიონ ნიქოზიას „ომონიას“ პრინციპულ შეხვედრაში უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

„ანორთოსისის“ შემადგენლობაში გუნდში დარჩენილმა სამივე ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა – გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა და სამივემ მატჩი შეუცვლელად დაასრულა.

ანგარიში სტუმრებმა მე-15 წუთზე გახსნეს – ფლანგური გადაცემის შემდეგ ნიქოზიელთა თავდამსხმელის, მამადუ სანეს დარტყმა კარისკენ არ მიდიოდა, მაგრამ ფანმაგუსტელთა ხორვატმა ლეგიონერმა გორდონ შილდენფელდმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ტაიმის ბოლო წუთზე „ანორთოსისმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ოქრიაშილმა უნაკლოდ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში თემურ ქეცბაიას გუნდს კიდევ სამი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ამ შანსებით ვერ ისარგებლა და საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.

სამი ტურის შემდეგ, ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 7 ქულა დააგროვა. მას „აპოლონი“ დაეწია, ორივე გუნდი გათამაშებას ლიდერობს, ხოლო ნიქოზიას „ომონია“ (5 ქულა) მე-5 ადგილზეა.