ოქრიაშვილის დუბლმა „ანორთოსისს“ სამი ქულა მოუტანა [ვიდეო]

თორნიკე ოქრიაშვილი იყო მთავარი მოქმედი გმირი კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც პარალიმნისსტადიო ტასოს მარკუზე“ გაიმართა. თემურ ქეცბაიას „ანორთოსი“ გასვლაზე „ენოსის“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო სამი ქართველი – გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. წინა ხაზის მოთამაშე ორი ქართველი მატჩის ბოლოსკენ ქეცბაიამ შეცვალა. მურთაზ დაუშვილს კი ცხვირი აქვს გატეხილი და ისვენებდა.

ოქრიაშვილი, რომელიც მოედანს ორი ტურის წინ, სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ქეცბაიას „ჯოკერი“ აღმოჩნდა. ქართველმა შემტევმა ანგარიში გახსნა. თუმცა, მანამდე, მე-13 წუთზე გატანა ქვილითაიას შეეძლო და მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა. პირველად, თორნიკე კარის აღებას მე-16 წუთზე ფლანგური გადაცემის შემდეგ შეეცადა და ბურთი მიზანს ააცილა. 23-ე წუთზე კი ქვილითაია ვალდებული იყო გაეტანა, მაგრამ მეკარემ ორიოდე მეტრიდან დარტყმული აუღო.

ოქრიაშილმა მაინც გაიტანა. მან ანგარიში 28-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გახსნა – 0:1. 38-ე წუთზე მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, როდესაც გიორგი ლორია კარიდან ნაადრევად გამოვიდა და ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, 58-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა უკვე ფამაგუსტელებმა განავითარეს და ოქრიაშვილმა დუბლი შეასრულა, „ანორთოსისმა“ კი 1:2 მოიგო.

25 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 48 ქულა დააგროვა, კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და ლიდერ ნიქოზიას „ომონიას“ ხუთი ქულით ჩამორჩება. ოქრიაშვილმა 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავას 13 გოლით ფრანგი ნიკოლა დიგიუმი (13 გოლი) ლიდერობს, რომელსაც ერთი გოლით ქვილითაია ჩამორჩება.