ოქრიაშვილი საუკეთესოთა სამეულში - ქართველების „ანორთოსისი“ ისევ ლიდერია (ვიდეო)

თორნიკე ოქრიაშვილმა ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მართალია, მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ თამაშის მთავარი გმირი იყო და არაერთი მომენტი შექმნა.

კვიპროსის 1 დივიზიონის მე-10 ტურში ქართველების გუნდად ცნობილმა, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა „ეთნიკოსი“, სადაც ერთა ლიგის ნახევარფინალისტის, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ერთი მოქმედი და ორი ყოფილი წევრი თამაშობდა.

ქართველმა მწვრთნელმა ოთხივე ქართველი ათამაშა – გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი – სრულად, ნიკა კაჭარავა 70-ე წუთზე შეცვალა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი – 76-ე წუთზე.

თორნიკე ოქრიაშვილმა მე-16 წუთზე კარში დაარტყა და სტუმრები მცველმა გადაარჩინა. 25-ე წუთზე თორნიკემ პენალტი მოიპოვა და ანგარიში 2:0 გახდა. 29-ე წუთზე 27 წლის ნახევარმცველის დარტყმის შემდეგ, მეკარემ სტუმრები აშკარა გოლისგან იხსნა. 56-ე წუთზე ოქრიაშილმა ჯარიმა შეასრულა და ბურთი მიზანს მცირე მანძილით ააცილა. 57-ე წუთზე ბურთი ძელს მოარტყა, ხოლო დამატებაზე ნიკა კაჭარავამ ახლოდან კარს ააცილა. 68-ე წუთზე კი იღბალმა თორნიკეს აშკარად დასცინა – მისი დარტყმისას ბურთი ჯერ ერთ ძელს მოხვდა, მერე – მეორეს და მაინც არ გავიდა.

უიღბლობის მიუხედავად, „ანორთოსისის“ ვებგვერდმა თორნიკე ოქრიაშვილი მატჩის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომელთა შორისაც გულშემატკივრებმა საუკეთესო უნდა შეარჩიონ.

10 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 21 ქულით გათმაშებას ნიქოზიის „ომონიასთან“ ერთად ლიდერობს, მაგრამ კონკურენტნთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა.