ოქრიაშვილი „გაგრაში“ ითამაშებს - ნაკრების ფეხბურთელი ელიგაში ზაფხულამდე დარჩება #1TVSPORT
ოქრიაშვილი „გაგრაში“ ითამაშებს - ნაკრების ფეხბურთელი ელიგაში ზაფხულამდე დარჩება #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილი „გაგრას“ ფეხბურთელია, – „ჯეო თიმის“ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლუბში დაუდასტურეს.

„თორნიკეს ჰქონდა მიწვევები, ამგრამ არა ისეთი, რაც დააინტერესებდა, ამიტომ გადაწყვიტა ჩვენთან ითამაშოს და გვერდში დაგვიდგეს, რაც წინასწარ გვითხრა კიდეც – თუ საინტერესო ვარიანტი არ იქნებოდა, თავის გუნდს დაუბრუნდებოდა. ის ჩვენთან ზაფხულამდე დარჩება“, – გვითხრა „გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტმა გოდერძი ჩიხრაძემ.

31 წლის ფეხბურთელი „გაგრას“ აღზრდილია და კარიერა ამ კლუბში დაიწყო, სადაც 2009–2010 წლებში თამაშობდა. თორნიკე ოქრიაშვილმა ამის შემდეგ ითამაშა დონეცკის „შახტარში“, „ილიჩევეცში“, ოდესის „ჩერნომორეცში“, „გენკში“, „ესქიშეჰირსფორში“, „კრასნოდარში“, „ანორთოსისში“, ბოლოს კი „აპოელში“ გამოდიოდა.

გამოცდილ ფეხბურთელს უთამაშია საქართველოს 19 და 21-წლამდელების ნაკრებში, ხოლო ეროვნულ ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს, მისი ფორმა 46-ჯერ მოირგო და 12 გოლი გაიტანა.