ოპოზიცია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მორიგ შეხვედრას გამართავს
ოპოზიცია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მორიგ შეხვედრას გამართავს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დღეს მორიგ შეხვედრას გეგმავენ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია კვლავ პროპორციულ არჩევნებზე იმსჯელებს.

„ოპოზიციური პარტიები განვაგრძობთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ მიღწეული იყოს ქვეყანაში დემოკრატიული თამაშის წესები, რომ ერთმა პირმა არ მოახდინოს ბოლომდე უზურპაცია ხელისუფლების, არ მიიტაცოს სახელმწიფო და არ გააუქმოს მთავარი მონაპოვარი, რაც არის დემოკრატიული არჩევნები, რაც გვაქვს საქართველოში ჯერ კიდევ.

შესაბამისად, ამ საკითხის ირგვლივ როგორ მოხდეს კოორდინაცია, როგორ დავუპირისპირდეთ ხელისუფლებას ერთობლივი გზავნილით და ვიყოთ ამ თამაშის წესების ირგვლივ ჩამოყალიბებული, ოპოზიცია ამაზე მუშაობას განაგრძობს. მორიგი შეხვედრაც ამ საკითხს მიეძღვნება.

პროპორციული არჩევნები არის ის საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს იმ წარმომადგენლობას პარლამენტში, რა მხარდაჭერასაც მიიღებს პოლიტიკური ძალა. შესაბამისად, ჩვენ, „ევროპული საქართველო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ამ თამაშის წესების განსაზღვრის ირგვლივ ვართ გაერთიანებული“, – აცხადებს ოთარ კახიძე.