„ოპეკი" 2019 წელს ნავთობის ბაზარზე ჭარბ მიწოდებას ელოდება 
„ოპეკი" 2019 წელს ნავთობის ბაზარზე ჭარბ მიწოდებას ელოდება 

ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელი „ოპეკი“ 2019 წელს ნავთობის ბაზარზე ჭარბ მიწოდებას ელოდება. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ კარტელის ყოველთვიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მიზეზად კარტელმა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენლება და „ოპეკის“ კონკურენტი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებისგან მიწოდების სწრაფი ზრდა დაასახელა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული გარემოების გამო, ოპეკი მომავალ თვეში დაგეგმილ შეხვედრაზე წარმოების შემცირების გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ოპეკის“ ახალი ანგარიშის მიხედვით, მომავალ წელს ნავთობზე მოთხოვნა დღეში 1.29 მილიონ ბარელამდე გაიზრდება, რაც გასული თვის პროგნოზთან შედარებით 70 ათასი ბარელით ნაკლებია. ამის პარალელურად, ანგარიში მიუთითებს, რომ გაიზრდება წარმოება ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში, რომლებიც „ოპეკის“ წევრები არ არიან. ამ ქვეყნებში დღიური წარმოება 2.23 მილიონ ბარელამდე ავა, რაც 120 ათასი ბარელით აჭარბებს წინა თვის პროგნოზს.

ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის ვარდნამ და ბაზარზე ნავთობის მიწოდების ტემპის ზრდამ „ოპეკი“ იმდენად შეაშფოთა, რომ კარტელი, რომელმაც მოპოვება სულ რამდენიმე თვის წინ გაზარდა, უკვე წარმოების შემცირებაზე ალაპარაკდა. ვექტორის ასეთი ცვლილება, ანალიტკოსების აზრით, კარტელსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობას გააფუჭებს. ტრამპმა ორშაბათს „ოპეკს“ მოუწოდა, არ შეამციროს წარმოება.

ჯერ კიდევ აგვისტოში, ტრამპის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, „ოპეკმა“ რუსეთთან და „ოპეკის“ არა-წევრ ნავთობის მწარმოებელ სხვა ქვეყნებთან შეთანხმებით, ნავთობის ფასის შემცირების მიზნით, წარმოების ზრდის გადაწყვეტილება მიიღო. 2019 წელს გასატარებელი პოლიტიკის გადაწყვეტილებას კარტელი 6 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებს.

დატოვე კომენტარი