ომარ მიგინეიშვილი „საბურთალოზე“ - აქ საინტერესო ვარჯიშებია და დისციპლინა მაღალ დონეზეა
ომარ მიგინეიშვილი „საბურთალოზე“ - აქ საინტერესო ვარჯიშებია და დისციპლინა მაღალ დონეზეა

გამოცდილმა მეკარე ომარ მიგინეიშვილმა „საბურთალოში“ სადებიუტო მატჩი რუმინულ „ვიტორულთან“ გამართა, რომელიც თბილისელებმა 2:1 მოუგეს.

მიგინეიშვილმა თურქულ შეკრებაზე, ახალ კლუბსა და მიზნებზე ილაპარაკა.

„თურქულ შეკრებაზე ვემზადებით არა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატისთვის და თასისთვის, არამედ ევრო ტურნირებისთვისაც. თუმცა, მანამდე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუპერთასი გვაქვს სათამაშო, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. გვინდა, სტარტი წარმატებული გამოგვივიდეს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. „ვიტორულთან“ „საბურთალოში“ პირველად ვითამაშე. მართალია, ამხანაგური შეხვედრა იყო, მიუხედავად გამოცდილებისა, პირველი თამაში იყო და თავისებურად ცოტას ვნერვიულობდი. მაგრამ, მჯერა მალე ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს მიგინეიშვილი.

34 წლის გამოცდილ მეკარეს რამდენიმე ქართულ კლუბში უთამაშიათ. მან აღნიშნა, რომ „საბურთალო“ სხვა ქართული კლუბებისგან რიგი დეტალებით განსხვავდება – „ძალიან საინტერესო ვარჯიშებია, კლუბში დისციპლინა მაღალ დონეზე დგას, პროფესიონალი ფეხბურთელები თამაშობენ, დაწყებული 17 წლის ასაკიდან, ყველაზე უფროსით დამთავრებული. მწვრთნელთა შტაბი დიდ სამუშაოს ასრულებს, სწორედ მათი დიდი დამსახურებაა, რომ „საბურთალო“ წარმატებული კლუბია. წლეულს ჩვენს გულშემატკივარს დიდი მოლოდინი აქვს და მათ იმედები არ უნდა გავუცრუოთ. წინ დატვირთული და საინტერესო სეზონი გველის. ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგევართ, რაც დამატებითი მოტივაციაა „საბურთალოსთვის“. ეროვნული პირველობა, ქვეყნის თასი, სუპერთასი და ევროსარბიელი – ეს ის ტურნირებია, სადაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ”.