ოლივერ კანი - ბუნდესლიგა არ არის კონკურენციის სამართლიანი ფორმა #1TVSPORT
ოლივერ კანი - ბუნდესლიგა არ არის კონკურენციის სამართლიანი ფორმა #1TVSPORT

ლეგენდარული გერმანელი მეკარე ოლივერ კანი უკმაყოფილოა ბუნდესლიგის დღევანდელი მდგომარეობით.

„მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგა წინა წლებთან შედარებით უარესად არ გამოიყურება, საერთაშორისო დონეზე ჩვენ ორ წამყვან ქვეყანას ჩამოვრჩებით ტიტულების მოპოვების სიხშირითა და სტაბილურობით.

მაგრამ ყველაზე მეტად უნდა გვაწუხებდეს ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ჩვენ ვლაპარაკობთ ლიგაზე, რომელსაც ერთი და იგივე ჩემპიონი ჰყავს. ბოლო 13 წელიწადში „ბაიერნმა“ 12 ტიტული მოიგო. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ უნდა იყოს ჯანსაღი მოვლენა.

ჩემი აქტიური კარიერის დროს ლიგა უფრო ღია იყო, ტიტულისთვის კონკურენცია – უფრო მაღალი, უფრო მეტი გუნდი ხდებოდა გერმანიის ჩემპიონი. ამიტომაც გერმანიის ჩემპიონატი, უკვე დიდი ხანია, აღარ მიიჩნევა კონკურენციის ყველაზე სამართლიან ფორმად, მიუხედავად იმისა, რომ 34 ტური ტარდება. რა არის სამართლიანი იმაში, რომ გუნდი 30-მილიონიანი ბიუჯეტით ეთამაშება გუნდს, რომელსაც ბიუჯეტი 300 მილიონი აქვს? ალბათ „ბაიერნის“ ხუთი სათადარიგო ფეხბურთელი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდის მთლიანი შემადგენლობა.

და ეს უფსკრული კიდევ უფრო იზრდება დამატებითი ტურნირების გამო, მაგალითად, როგორიცაა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ტოპგუნდებს დამატებითი თანხების გამომუშავება შეუძლიათ.

სისტემა სულ უფრო და უფრო უვარგისი ხდება და ჩემპიონობისთვის ბრძოლა სულ უფრო მეტად იოლად პროგნოზირებადია, შესაბამისად, მოსაწყენი“, – განაცხადა გამოცემა Kicker-სთვის მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის“ ყოფილმა მეკარემ.