ოლიმპიური ტაიმაუტი | ლაშა გუჯეჯიანი - არაფერს დავიშურებთ, რომ ხვალ ეს წარმატება კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ #1TVSPORT
ოლიმპიური ტაიმაუტი | ლაშა გუჯეჯიანი - არაფერს დავიშურებთ, რომ ხვალ ეს წარმატება კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ #1TVSPORT

ოლიმპიურ ტაიმაუტის პირდაპირ ეთერში ტოკიოდან საქართველოს ძიუდოისტთა მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ჩაერთო. ბექაურისა და ჩვენი ნაკრების წარმატების ერთ-ერთმა უმთავრესმა  შემოქმედმა ლაშას ტრიუმფსა და მომდევნო ბრძოლებზე ისაუბრა, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი გამართავენ.

 

„გილოცავთ, ვულოცავ საქართველოს. ლაშა მზად იყო და ფაქტი სახეზეა – დღეს ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს, ლაშა ბექაური, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ძალიან გაგვახარა და გაამართლა ის იმედები, როგორი მოლოდინიც გქვონდა. წლების განმავლობაში იყო ძალიან დიდი შრომა გაწეული  და მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ ბედნიერი წუთებისთვის. ბედნიერი კაცი ვარ, რომ დღეს ლაშა ბექაურმა ეს ყველაფერი შეძლო.

ლაშა გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობით, თავისი შეუპოვარი, მედგარი ხასიათით. ოლიმპიური ოქრო სწორედ ამან მოუტანა საქართველოს, მისმა სულმა, მისმა თავდადებამ. ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია ასე თავი გაწიროს იდეის გამო. მან ძალიან რთული პოზიციიდან შეძლო ეს ყველაფერი. ვგულისხმობ ტრავმას და იმ ჯოჯოხეთურ გზას, რომელიც  მან გაიარა.

დარჩენილია ორი ბრძოლა. გუნდის კაპიტანი, ერთპიროვნული ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი აუცილებლად იბრძოლებს იმ მიზნისთვის და იმ გვირგვინისთვის, რომელიც აკლია ვარლამს. ის ნამდვილად უგვირგვინო ჩემპიონია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ხვალ ოლიმპიური ჩემპიონი გახდება და ამისთვის ძალ-ღონეს არც თვითონ და არც აქ მყოფი ადამიანები არ დავიშურებთ, რომ ხვალ ჩვენ ეს წარმატება კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ.

რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, რა თქმა უნდა, ის გამორჩეულია, მსოფლიო ჩემპიონია. ასე რომ, ძალიან საინტერესო და გულანთებული დღეები გველის“.