ოლიმპიური ტაიმაუტი | კახი კახიაშვილი - ორი მედლის მოპოვების მოლოდინი გვაქვს #1TVSPORT
ოლიმპიური ტაიმაუტი | კახი კახიაშვილი - ორი მედლის მოპოვების მოლოდინი გვაქვს #1TVSPORT

ტოკიო 2020 ოფიციალურად გაიხსნა. 8 აგვისტოს ჩათვლით 206 ქვეყნის 11000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები კი 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტი“ სპეციალურად ამ მასშტაბური ტურნირისთვის განსხვავებული ფორმატით იქნება, სადაც არაერთი საინტერესო სტუმარი და ექსკლუზიური ჩართვები გველოდება. დღეს, 23 ივლისს გახსნის ცერემონიის დაწყებამდე „ტაიმაუტშიძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების შესახებ ილაპარაკა.

„ყველაზე უსულო ოლიმპიური თამაშები ტარდება ტოკიოში, რადგან გულშემატკივრები არ იქნებიან. იქნება მხოლოდ ჩანაწერი სხვა ღონისძიებებიდან, რაც თავისებურ დისკომფორტს ქმნის ყველასათვის. მაყურებლის განწყობა მნიშვნელოვანია, დადებითად მოქმედებს ეს ფაქტორი. მაგრამ როგორც ვიცით კარგად ემზადება ტოკიო, მეოთხედ ტარდება აქ ოლიმპიური თამაშები, ორჯერ ზამთრის ჩატარდა და მეორეჯერ ტარდება ზაფხულის ოლიმპიადა. ოლიმპიური თამაშების ჩატარება ამ პირობებში უკვე დიდი მიღწევაა.“

კახიაშვილი, რა თქმა უნდა, ჩვენს ძალოსნებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ორი მედლის მოლოდინი აქვს.

„რაც შეეხება ძალოსნებს. ჩვენ ოთხი სპორტსმენით ვიქნებით წარმოდგენილები, რაც იქნება რეკორდული მაჩვენებელი. წინა ოლიმპიადაზე, რიოში სამი სპორტსმენით ვიყავით წასულები. ჩვენმა სპორტსმენმა, მსოფლიო ჩემპიონმა ანტონ პლესნოიმ, რომელიც უკრაინიდან გადმოვიდა ჩვენთან და რამდენიმე წელია საქართველოს სახელით ასპარეზობს, მითხრა, რომ სურდა გახსნის ცერემონიალში მიეღო მონაწილეობა, ეროვნული სამოსით და დროშით.

ჩვენ ორი მედლის მოლოდინი გვაქვს, ერთი – ლაშა ტალახაძის, რომელიც რამდენიმე წელია პირველია რეიტინგში და წონით კატეგორიაში 30-40 კგ-თი უსწრებს თავის მოწინააღმდეგეს, მისი მთავარი მოწინააღმდეგე, რომელიც წლების განმავლობაში ჰყავდა ამ ოლიმპიადაზე არ იასპარეზებს, რადგან სომხებს ერთი ლიცენზია აქვთ კაცებში და მათ უპირატესობა მისცეს სხვა წონით კატეგორიას, შესაბამისად ლაშა დღეს ლიდერია. შოთა მიშველაძე ამ ეტაპზე მესამე პოზიციაზეა, მაგრამ შეჯიბრი ისეთი რამეა ნებისმიერ ადგილზე შეიძლება გავიდეს. იგივეს თქმა შეიძლება პლესნოიზეც. რაც შეეხება გოგა ჩხეიძეს, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის გამოცდილებას მიიღებს, სიმართლე რომ გითხრათ, მისგან მედალს არ ველით, მაგრამ გამორჩეული იქნება თავის წონით კატეგორიაში.“