ტაიმაუტის ექსკლუზივი | გიორგი ასანიძე - დღევანდელი დღე იყო ქართული სპორტის და მსოფლიო ძალოსნობის ბენეფისი #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | გიორგი ასანიძე - დღევანდელი დღე იყო ქართული სპორტის და მსოფლიო ძალოსნობის ბენეფისი #1TVSPORT

ტოკიო 2020-ზე საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი ლაშა ტალახაძემ მუტანა. ქართველმა ძალოსანმა ოლიმპიადა სამი მსოფლიოს რეკორდით დაასრულა. გადაცემაში „ოლიმპიური ტაიმაუტი“ ტოკიოდან საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე ჩაერთო და ჩვენი ეროვნული გუნდის გამოსვლა შეაფასა:

„ვულოცავ სრულიად საქართველოს ასეთ დიდ წარმატებას. შეფასებები ჩემგან არ მგონია სწორი იყოს, რადგან ეს შედეგი თავად გულშემატკივარმა უნდა შეაფასოს. ვულოცავ ლაშას, ვულოცავ მის მშობლებს, ჩვენი ფედერაციის ყველა წარმომადგენელს, სამედიცინო ჯგუფის წევრებს, მწვრთნელებს, ვინაიდან ჩვენ ყველამ მზადების პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, რომ ეს შედეგი დაგვედო.

რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულები ვართ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები იქნება. ეს უკვე წარსულია, მაგრამ ის ღირსეული წარსული, რომელიც ლაშამ დღეს საკუთარი გამოსვლით შესთავაზა მსოფლიო სპორტს. მე მგონი ამას კომენტარიც არ სჭირდება და მადლობა ლაშა შენ.

წონის შეკვეთასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, კონსულტაციის შემდეგ მივიღე. ბოლო გადაწყვეტილებას ყოველთვის მწვრთნელი იღებს, მაგრამ მე იმდენად ვაფასებ ლაშას სიდინჯეს და თავდაჯერებულობას, რომ უფლებაც არ მაქვს მასთან კონსულტაცია არ გავიარო. ჩვენ მომავლისთვის დავიტოვეთ ის გზა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავიაროთ სანუკვარი მიზნის მისაღწევად“.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, როდესაც ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი მან ბრძანა, რომ პროგრამა მაქსმიმუმი 2-3 მედალი იქნებოდა ეს მაქსიმუმი ტოკიოში შესრულდა?, – „ოლიმპიური ტაიმაუტის“ წამყვანების ამ შეკითხვაზე გიორგი ასანიძემ უპასუხა:

„ყველა სპორტსმენს აქვს თავისი დავალება შესასრულებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვინდა უკეთ გამოვიდეთ და რაც შეიძლება მეტი მედალი ავიღოთ, ამის შანსი ამ ოლიმპიურ თამაშებზე ნამდვილად არსებობდა. თუმცა, შოთა მიშველიძე ამ ოლიმპიურ გამოსვლას ვერ შეხვდა ისე, როგორც მას სჩვევია. ოთხკაციან შემადგენლობაში მოპოვებულ ორ მედალს ნამდვილად ვერ ჩავთვლი, რომ არის წარუმატებელი“.

ანტონ პლესნოის მივულოცავ წარმატებას და აღვნიშნავ მის გმირულ მისვლას, რომელიც მან გააკეთა ბოლო 210 კგ-ზე, თუმცა, დღევანდელი დღე იყო ქართული სპორტის და მსოფლიო ძალოსნობის ბენეფისი.

მე არ ვარ იმ კატეგორიის მწვრთნელი, ვინც წინასწარ შეფასებებს აკეთებს, მაგრამ მე მინდა მაქსიმუმი გავიღო შემდეგი ოლიმპიური თამაშებისთვის. ამისთვის ძალიან კარგი სტარტი გააკეთეს ჩემმა ბიჭებმა და ეს დღეს ლაშამ ბრწყინვალე გამოსვლით დააგვირგვინა.

ვეცდები, რომ არანაკლები შედეგი იყოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება და შეიძლება, ბევრი ახალი სპორტსმენი წარმოჩინდეს ჩვენს ნაკრებში.

ცხოვრება იმიტომ არის საინტერესო, რომ არ ვიცით ხვალ რა გველოდება და ჩვენც დაველოდოთ ცხოვრების ახალ გამოწვევებს“.