ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის საგანგებო პრესკონფერენცია - ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ხახალეიშვილს გულის მძიმე დაავადება დაუდგინდა
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის საგანგებო პრესკონფერენცია - ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ხახალეიშვილს გულის მძიმე დაავადება დაუდგინდა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გამართა საგანგებო პრესკონფერენცია, რომელიც უკავშირდებოდა სახელოვანი ძიუდოისტის დავით ხახალეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, სპორტში მოღვაწე ადამიანები.

ლერი ხაბელოვმა მედიის წარმომადგენლებს გააცნო სეოკ-ის მიმართვის ტექსტი:

„ლეგენდარულ ძიუდოისტს, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს შეექმნა ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა – დაუდგინდა დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით.

ქართველი და უცხოელი ექიმების დასკვნით, დავით ხახალეიშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად რჩება გულის ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ.

ამჟამად დავით ხახალეიშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება თბილისის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში.

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ერგო მეტად საპატიო მისია – ისტორიაში პირველად დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ხელში გამოსულიყო ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

დავით ხახალეიშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ჩვენი თანადგომა სჭირდება. ოპერაცია და შემდგომი მკურნალობა-რეაბილიტაცია 250 ათასი აშშ დოლარი ჯდება.“

ოლიმპიური კომიტეტი აქვეყნებს ანგარიშის ნომერს, რომელზეც შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა ოლიმპიური ჩემპიონისთვის საჭირო ოპერაციისთვის.

საბანკო ანგარიში:

თიბისი ბანკი. ანგარიშის# GE18TB7618245166300002.

მიმღები – დავით ხახალეიშვილი