ოლიმპიურ მუზეუმში ვლადიმერ მესტვირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა #1TVSPORT
საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ინიციატივით, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის, ვლადიმერ მესტვირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საღამოს სპორტული უწყებებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ვლადიმერ მესტვირიშვილის მეუღლე, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ. მათ ერთად გაიხსენეს სახელოვანი მწვრთნელის განვლილი ღირსეული სპორტული გზა.
სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა ისაუბრა თავისი მწვრთნელის განსაკუთრებულ როლზე მის სპორტულ კარიერაში. მან ხაზი გაუსვა მესტვირიშვილის მაღალ პროფესიონალიზმს, გამორჩეულ ადამიანურ თვისებებსა და იმ უდიდეს წვლილს, რომელიც მან ქართული ჭიდაობისა და არაერთი სპორტსმენის განვითარებაში შეიტანა.
ღონისძიებაზე დიდი სიამაყით აღინიშნა, რომ ინდოეთის მთავრობამ ღირსეულად დააფასა ვლადიმერ მესტვირიშვილის მრავალწლიანი შრომა. ქვეყნის პრეზიდენტმა მას ინდოეთის ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სახელმწიფო ჯილდო მიანიჭა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მწვრთნელის მეუღლეს, მარინა სარიას გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ მესტვირიშვილი პირველი ქართველი მწვრთნელია, რომელიც ინდოეთის მთავრობამ ასეთი მაღალი ჯილდოთი დააფასა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის საერთაშორისო ავტორიტეტსა და იმ გამორჩეულ მემკვიდრეობას, რომელიც მან მსოფლიო ჭიდაობას დაუტოვა.
2025 წლის 23 ივნისს ქართულმა სპორტულმა საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა – გარდაიცვალა თავისუფალი სტილით ჭიდაობის გამორჩეული სპეციალისტი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი ვლადიმერ მესტვირიშვილი. მისი აღზრდილია ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ხუთგზისა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, ასევე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მრავალი ჩემპიონი და პრიზიორი. მისი სამწვრთნელო საქმიანობა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას უკავშირდება. სხვადასხვა წლებში ის ხელმძღვანელობდა საქართველოს ჭაბუკთა, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს. 1981 წელს იყო საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი, ხოლო 1979-1991 წლებში – საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი.
მოგვიანებით ვლადიმერ მესტვირიშვილმა საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გააგრძელა. 1994 წელს დაინიშნა მაკედონიის ნაკრებისა და კლუბ „ბუჩიმ იაკას“ უფროს მწვრთნელად და სწორედ აღნიშნული გუნდი გახდა მსოფლიო ჩემპიონი კლუბებს შორის. მაკედონიაში, იმ სახლზე, სადაც ის ცხოვრობდა, მემორიალური დაფაა გახსნილი, რაც თვალსაჩინოდ ასახავს ქართველი სპეციალისტის წვლილს ქვეყნის ჭიდაობის განვითარებაში. 2003 წლიდან კი მესტვირიშვილი ინდოეთის ეროვნული, ახალგაზრდული, ჭაბუკთა და ქალთა ნაკრებების უფროსი მწვრთნელი გახლდათ.
2011 წელს მსოფლიო ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მესტვირიშვილს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) უმაღლესი ჯილდო მიენიჭა.
ვლადიმერ მესტვირიშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული სპორტის ისტორიაში, მისი მოღვაწეობა კი მომავალ თაობებს პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და საქმისადმი ერთგულების მაგალითად ემახსოვრებათ.