„ოლიმპიაკოსის“ გაზრდილი „ვორსკლადან“ - „ტორპედომ“ ალბანეთის ნაკრების მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT
„ოლიმპიაკოსის“ გაზრდილი „ვორსკლადან“ - „ტორპედომ“ ალბანეთის ნაკრების მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ერთი ლეგიონერი, ალბანეთის ნაკრების მოთამაშე არდიტ ტოლი დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური არცელებს.

„არდიტ ტოლი „ტორპედოს“ ფეხბურთელია. 25 წლის ალბანელი გუნდს თურქულ შეკრებაზე უახლოეს დღეებში შეუერთდება. წარმატებებს ვუსურვებთ ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელს, არდიტ ტოლის ტორპედოს დიდ ოჯახში!“ – წერია კლუბის გავრცელებულ ინფორმაციაში.

არდიტ ტოლი უნივერსალია – თამაშობს როგორც მარჯვენა მცველის, ასევე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციებზე. დაიბადა საბერძნეთში და პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ აკადემიაში იზრდებოდა, რომლის ფორმითაც ითამაშა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ორ გათამაშებაში (2014/15 და 2015/16), სადაც ჩაატარა 13 მატჩი და გააკეთა ერთი საგოლე პასი.

პროფესიული კარიერა 2017 წლის 11 აგვისტოს საბერძნეთის მეორე ლიგის „კისამიკოსში“ დაიწყო. 2018 წლის ზაფხულში გახდა თავისუფალი აგენტი და გააფორმა სრული კონტრაქტი „კალამატასთან“, 2020 წლის აგვისტოში მან კონტრაქტი გააფორმა ალბანურ „ტირანასთან“, რომლის შემადგენლობაშიც 2021/22 წლების სეზონში ალბანეთის ჩემპიონი გახდა. 2022 წლის 22 აგვისტოს პოლტავას „ვორსკლაში“ ჩაირიცხა.

2013 წლიდან 2015 წლამდე ალბანეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში იწვევდნენ, 2022 წელს კი სადებიუტო მატჩი ალბანეთის ეროვნულ გუნდში ჩაატარა.