ოლექსანდრ უსიკმა რეფერის სკანდალური გადაწყვეტილებით მოიგო ბრძოლა პირამიდებთან [ვიდეო] #1TVSPORT
ეგვიპტეში გაიმართა დიდი საკრივო საღამო, რომლის მთავარ ბრძოლაში სუპემძიმე წონის ჩემპიონმა, უკრაინელმა ოლექსანდრ უსიკმა WBC-ს საჩემპიონო ქამარი დაიცვა ნიდერლანდელი რიკო ვერჰოვენის წინააღმდეგ შეხვედრაში.
მიუხედავად იმისა, რომ კიკბოქსინგის ლეგენდა ვერჰოვენი პირველ ბრძოლას ატარებდა კრივში, ის ძალიან ახლოს იყო უკრაინელი ჩემპიონის დამარცხებასთან. არავინ ელოდა, რომ უსიკისთვის ბრძოლა ამდენად მძიმე გამოდგებოდა და ის ასე ახლოს იქნებოდა კარიერაში პირველად წაგებასთან.
ვერჰოვენმა პირველი რაუნდიდან წნეხში მოაქცია მოწინააღმდეგე და რაუნდს რაუნდზე იგებდა. DAZN-ის დამოუკიდებელმა მსაჯმა, მაიკ კოპინგერმა პირველ სამ რაუნდში ნიდერლანდელს მიანიჭა უპირატესობა. უსიკმა მხოლოდ მეოთხე რაუნდში მოუნახა გასაღები ვერჰოვენის დაცვას ზუსტი აპერკოტით, მაგრამ კიკბოქსიორმა შეინარჩუნა წონასწორობა.
თითქოს ეს გარდამტეხი მომენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბრძოლის სურათი არ შეცვლილა – ვერჰოვენი ისევ იგებდა რაუნდებს და 120-კილოგრამიანი მებრძოლისთვის შესანიშნავად მოძრაობდა. მეშვიდე რაუნდში ნიდერლანდელმა ორი ზუსტი დარტყმა განახორციელა, გარდა ამისა, ძალიან კარგად მუშაობდა მეტოქის კორპუსში დარტყმებით. ასე რომ, ბრძოლა თანდათან მიდიოდა უსიკის ქულებით წაგებისკენ – DAZN-ის მსაჯის შეფასებით, ვერჰოვენს 10 რაუნდის შემდეგ რვა ჰქონდა მოგებული.
უსიკმა ბრძოლის გადარჩენა მე-11 რაუნდის ბოლოს შეძლო, როცა გონგამდე 22 წამით ადრე უზუსტესი აპერკოტით ვერჰოვენი ნოკდაუნში გაუშვა. რეფერიმ მცირე პაუზის შემდეგ ნიდერლანდელს ბრძოლა გააგრძელებინა და უსიკმა დაბნეულ მეტოქეს შეუტია. ვერჰოვენი მყარად იდგა ფეხზე, მაგრამ საბოლოოდ, რეფერიმ გონგთან ერთად გამოაცხადა უკრაინელის ტექნიკური ნოკაუტით მოგება, რაც სკანდალური გადაწყვეტილება იყო, რადგან ნიდერლანდელს შეეძლო, ძალები მოეკრიბა რაუნდებს შორის შესვენებისას და უშეცდომოდ ემუშავა მე-12 რაუნდში.
ბრძოლის შემდეგ გამოქვეყნდა მსაჯების ოფიციალური ჩანაწერები: 10 რაუნდის შემდეგ, ორ მსაჯს ფრე ჰქონდა დაფიქსირებული, მესამე კი მინიმალურ უპირატესობას ვერჰოვენს ანიჭებდა.
უსიკმა კარიერაში 25-ე გამარჯვება მოიპოვა და შეინარჩუნა WBC-ს საჩემპიონო ქამარი. ბრძოლის შემდეგ რინგზე ავიდა 33 წლის დაუმარცხებელი გერმანელი აგიტ კაბაიელი (27 მოგება, 0 წაგება). ვარაუდობენ, რომ სწორედ ის იქნება უსიკის მომდევნო მეტოქე, თუმცა ჯერ უკრაინელს ამ ბრძოლაზე თანხმობა არ უთქვამს.