ოლაფ შოლცი - ის, რომ გერმანიის პრეზიდენტს კიევში ჩასვლაზე უარი უთხრეს, პრობლემაა გერმანიის მთავრობისა და ხალხისთვის
ოლაფ შოლცი - ის, რომ გერმანიის პრეზიდენტს კიევში ჩასვლაზე უარი უთხრეს, პრობლემაა გერმანიის მთავრობისა და ხალხისთვის

ის, რომ გერმანიის პრეზიდენტს კიევში ჩასვლაზე უარი უთხრეს, პრობლემაა გერმანიის მთავრობისა და ხალხისთვის, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მანამდე გერმანიაში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ ოლაფ შოლცი „გაბრაზებული ძეხვივით იქცევა“, რადგან უარს ამბობს უკრაინაში ვიზიტზე, ვიდრე კიევში გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი არ ჩავა.

„ის, რომ გერმანიის პრეზიდენტს სთხოვეს, უკრაინაში არ ჩასულიყო გერმანიის მთავრობისა და გერმანელი ხალხის პრობლემაა“, – განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, „უკრაინამ ასევე უნდა შეასრულოს საკუთარი როლი“ ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ჩიხიდან გამოსვლაში. თუმცა, შოლცს არ დაუკონკრეტებია, რა როლზე საუბრობს.

გერმანიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში ჩასვლას აპრილში გეგმავდა, მაგრამ მისი ვიზიტი გაუქმდა.
ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმის გამო თქვა უარი, რომ გერმანიის პრეზიდენტი წლების განმავლობაში რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მხარდამჭერი იყო.

დიპლომატიური დავის გამო, გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსნები ომის დაწყების შემდეგ არ ჩასულან უკრაინაში.

აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინაში ჩავიდა გერმანიის ოპოზიციური პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი. ის ქალაქ ირპინში იმყოფებოდა, შემდეგ კი კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.