ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენი მაქსიმ იაკოვლევი გაათავისუფლეს
ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენი მაქსიმ იაკოვლევი გაათავისუფლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ივნისში გატაცებული რუსი ბიზნესმენი მაქსიმ იაკოვლევი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის თანაშემწე დაურ ამიჩბა ავრცელებს.

იაკოვლევი უკვე სანქტ პეტერბურგში იმყოფება.

დე ფაქტო ხელისუფლება რუსი ბიზნესმენის გატაცების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. დაკითხვის დროს იაკოვლევმა ვერ უპასუხა შეკითხვებს, თუ სად იმყოფებოდა ოთხი თვის განმავლობაში და როგორ მოხდა მისი გათავისუფლება.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პეტერბურგელი ბიზნესმენი 20 ივნისს სამმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა ახალი ათონის სასტუმროდან გაიტაცა. გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 200 მილიონ რუბლს ითხოვდნენ. სასტუმროს ნომერში, რომელშიც იაკოვლევი ცხოვრობდა, სამალავში დიდი ოდენობით თანხა აღმოაჩინეს.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ იაკოვლევს ინტერპოლი ეძებდა და ის სავარაუდოდ აფხაზეთში იმალებოდა.