ოკლაჰომამ პრინციპული მატჩი მოიგო, გოლდენ სტეიტმა მემფისში გაიმარჯვა
ოკლაჰომამ პრინციპული მატჩი მოიგო, გოლდენ სტეიტმა მემფისში გაიმარჯვა

საჭირო გამარჯვებას მიაღწია ბოლო პერიოდში არადამაჯერებლად მოთამაშე ოკლაჰომამ. ბილი დონოვანის გუნდმა საკუთარ „ჩისპეიკ არენაზე“ აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო ოთხეულში მყოფი ინდიანა „პეისერსი“ დაამარცხა. პირველი ტაიმის განმავლობაში სტუმრები გაცილებით უკეთ თამაშობდნენ და დიდ შესვენებაზე ცხრაქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე პერიოდის შუაში მასპინძლებმა საოცარი გაქცევა მოაწყვეს. „სითი თანდერმა“ არასრული შვიდი წუთი, ანგარიშით 24:0 მოიგო. სწორედ ეს მომენტი გამოდგა გადამწყვეტი და ოკლაჰომამ საბოლოოდ ანგარიშით 107:99 გაიმარჯვა. პოლ ჯორჯმა თავის გუნდს ამჯერად 31 ქულა შესძინა, სტივენ ადამსის ანგარიშზე 25 ქულა და 12 მოხსნა დაფიქსირდა, რასელ ვესტბრუკმა კი მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა – 17 ქულა, 12 გადაცემა, 11 მოხსნა. „ოუ ქეი სი“ დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა და წელს პლეიოფში თამაში თითქმის გარანტირებული აქვს, თუმცა „სითი თანდერს“ დარჩენილ შეხვედრებში წარმატების შემთხვევაში კიდევ უფრო წინსვლის საშუალება ეძლევა.

სეზონის 51-ე გამარჯვება მოიპოვა გოლდენ სტეიტმა. მოქმედმა ჩემპიონმა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი, მემფის „გრიზლი“ გასვლაზე, ანგარიშით 118:103 დაამარცხა. სტუმრებმა მეტოქე ბოლო მეოთხედში გატეხეს. „უორიორზს“ კევინ დიურანტმა და სტეფ კარიმ უწინამძღოლეს. დიურანტმა 28 ქულა და ცხრა მოხსნა გააკეთა, კარის ანგარიშზე, 28 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა და შვიდი გადაცემაა. გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა და მეორეზე მყოფ დენვერ „ნაგეტსს“ ერთი მოგებით უსწრებს, თუმცა მეტოქესთან შედარებით ერთი შეხვედრით მეტი აქვს ჩატარებული.

ჩიკაგო-პორტლენდი 98-118
ფინიქსი-ვაშინგტონი 121-124
იუტა-ლეიკერსი 115-100