ოჰაიოს შტატში შეიარაღებული მამაკაცი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ოფისში შეჭრას შეეცადა
ოჰაიოს შტატში შეიარაღებული მამაკაცი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ოფისში შეჭრას შეეცადა

ოჰაიოს შტატში შეიარაღებული მამაკაცი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ოფისში შეჭრას შეეცადა. თავდამსხმელი სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. ინციდენტი ცინცინატში მოხდა.

სამართალდამცავების ცნობით, მამაკაცს ჯავშანჟილეტი ეცვა და მისი გაუვნებელყოფის ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. პოლიციის ცნობით, ის უშედეგოდ შეეცადა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შენობაში შეჭრას, რის შემდეგაც გაიქცა. სამართალდამცველებმა ის რამდენიმე წუთში შენიშნეს, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა სიმინდის ველს შეაფარა თავი, სადაც პოლიციელის ტყვიას ემსხვერპლა.

როგორც „ბიბისი“ ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით წერს, მამაკაცს ნახევრად ავტომატური იარაღი ჰქონდა თან.

ამერიკული მედიის ცნობით, თავდამსხმელი 42 წლის რიკი შიფერია. სამართალდამცველები იკვლევენ, ჰქონდა თუ არა მას კავშირი ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან.

პოლიციას არ დაუსახელებია მოკლულის ვინაობა და ფედერალურ საგამოძიებო ბიუროზე თავდასხმის მოტივი, თუმცა მედია წერს, რომ მამაკაცი სავარაუდოდ მონაწილეობდა 2021 წელს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობის შტურმში.

მედიის ცნობითვე, მოკლული სოციალურ ქსელში ხშირად წერდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ და მოუწოდებდა დემოკრატებისა და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წინააღმდეგ ძალადობისკენ. ერთ-ერთ უკანასკნელ ჩანაწერებში კი ამერიკელებს მოუწოდებდა, „მზად იყვნენ ბრძოლისთვის“.

ოჰაიოში მომხდარი ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც სამართალდამცველებზე თავდასხმის საფრთხე აშშ-ში გაზრდილია. ეს უკავშირდება ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას. ტრამპს თეთრი სახლიდან დოკუმენტების უკანონოდ გატანაში ადანაშაულებენ. თავად ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს მას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში.