ოფიციალურად - თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფერდინანდ ფელდჰოფერი ვლადიმერ კაკაშვილმა შეცვალა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავსტრიელი მთავარი მწვრთნელი ფერდინანდ ფელდჰოფერი ვლადიმერ კაკაშვილმა შეცვალა.
„ლადო კაკაშვილი „დინამო თბილისის“ ახალი მთავარი მწვრთნელია. ახალგაზრდა სპეციალისტი 2011-დან 2024 წლის ჩათვლით „დინამოს“ აკადემიაში სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. „დინამო 2“-თან ერთად კი ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა.
„დინამოში“ დაბრუნებამდე ვლადიმერ კაკაშვილი „სამტრედიის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მან გუნდს 14 თამაშში უხელმძღვანელა, საიდანაც 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 6 შეხვედრაში დამარცხდა.
მთავარ მწვრთნელთან ერთად ცნობილია მისი შტაბიც: კაკაშვილის ასისტენტები იქნებიან დავით ჭიჭვეიშვილი, დავით ბოლქვაძე და გიორგი ხიდეშელი, მეკარეების მწვრთნელი – რევაზ თევდორაძე, ფიზმომზადების მწვრთნელი – რიკარდო დე ვივო, ხოლო ანალიტიკოსები – ოთარ გაგნიძე და ნუგო ბარბაქაძე.
„დინამოს“ ცნობით, ვლადიმერ კაკაშვილი თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად უკვე შეუდგა მუშაობას. შემადგენლობაში მოსალოდნელი სიახლეებისა და გუნდის მზადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას კლუბი უახლოეს მომავალში გაავრცელებს.