ოფიციალურად – სლავენ ბილიჩი ხორვატიის მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
ხორვატიის საფეხბურთო კავშირმა (HNS) ოფიციალურად გამოაცხადა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად სლავენ ბილიჩის დანიშვნის შესახებ.
57 წლის სპეციალისტი 2006-12 წლებში ერთხელ უკვე წვრთნიდა ხორვატიის ნაკრებს.
„მე სრულად ვენდობი ჩვენს მოთამაშეებს. ჩემი ამოცანაა, გუნდში მივიტანო ენერგია და ამბიცია, რათა ხორვატიის ნაკრები მომავალშიც დარჩეს მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში. გულწრფელად მიხარია ამ გამოწვევის მიღება და ვგრძნობ, რომ სრულიად მზად ვარ ამისთვის – ახლა უფრო ჩამოყალიბებული და გამოცდილი მწვრთნელი ვარ, ვიდრე 2006 წელს ვიყავი, მაგრამ იმავე სურვილებით, მოტივაციითა და მისწრაფებით, რომ ხორვატია ვიხილო ძლიერ, თამამ და წარმატებულ გუნდად“, – განაცხადა ბილიჩმა.
რამდენიმე დღის წინ ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ზლატკი დალიჩმა.