ოფიციალურად - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ჯო ტომასონი ითამაშებს #1TVSPORT
ოფიციალურად - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ჯო ტომასონი ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში ამერიკელი ჯო ტომასონი რომ ითამაშებდა, ამის შესახებ უკვე ვწერდით, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ახლა დადასტურდა – საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ღირსებას ჯო ტომასონი დაიცავს.

ჩვენი ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 23 თებერვალს დანიაში გახსნის. „ჯვაროსნებში“ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებებია – მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ილიას ზუროსის ნაცვლად, ალექსანდრ ჯიკიჩი იმუშავებს, ხოლო ნატურალიზებულ თად მაკფადენს, როგორც მოგახსენეთ, ჯო ტომასონი შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ამერიკელები 2004 წლიდან თამაშობენ. პირველი შემონდ უილიამსი იყო, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე კი საქართველოს ნაკრების ღირსება თად მაკფადენმა დაიცვა.

ჯო ტომასონი ორი კვირის წინ ესპანური „გრანადიდან“ ისრაელის „მაკაბიში“ გადავიდა. იგი ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში საშუალოდ 14.1 ქულას, 3.4 მოხსნასა და 3.4 პასს აგროვებდა. უთამაშია რუმინეთის „დინამოში“, პოლონეთის „გდანსკში“, „ლიუბლინსა“ და „ზელონა გორაში“, ისრაელის „გალილ გილბოაში“, ესპანეთის „მანრესაში“, რუსეთის „პეტერბურგში“ და ბერძნულ „პრომითეასში“.