ოფიციალურად - სალაჰი სეზონის შემდეგ „ლივერპულს“ დატოვებს #1TVSPORT
ოფიციალურად - სალაჰი სეზონის შემდეგ „ლივერპულს“ დატოვებს #1TVSPORT

ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულიდან“ წასვლის შესახებ.

„ყველას მოგესალმებით. სამწუხაროდ, ეს დღე დადგა. ეს არის ჩემი გამოთხოვების პირველი ნაწილი. დავტოვებ „ლივერპულს“ სეზონის დასრულების შემდეგ. მინდა, დავიწყო იქიდან, რომ ვერასოდეს წარმომედგინა, ჩემი ცხოვრების რამდენად მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებოდა ეს კლუბი, ეს ქალაქი, ეს ხალხი. „ლივერპული“ არ არის მხოლოდ საფეხბურთო კლუბი – ეს არის ისტორია, სული, ვნება. არ შემიძლია ამის სიტყვებით ახსნა.

ჩვენ ვზეიმობდით გამარჯვებებს. ვიგებდით ყველაზე მნიშვნელოვან ტიტულებს. ერთად ვიბრძოდით ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ამ კლუბის ნაწილი ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, განსაკუთრებით ჩემს ყოფილ და ამჟამინდელ თანაგუნდელებს, ასევე, გულშემატკივრებს. სიტყვები არ მყოფნის – მხარდაჭერა, რომელიც ჩემი კარიერის წლებში გამომიცხადეთ, ის, რომ ჩემს გვერდით იყავით ყველაზე რთულ მომენტებში, არასოდეს დამავიწყდება და ყოველთვის მემახსოვრება“, – განაცხადა სალაჰმა.

მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში 33 წლის ფორვარდმა 435 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 255 გოლი გაიტანა და 122 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.