ოფიციალურად - მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტომას მიულერი მიუნხენის „ბაიერნს“ დატოვებს #1TVSPORT
ოფიციალურად - მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტომას მიულერი მიუნხენის „ბაიერნს“ დატოვებს #1TVSPORT

გერმანული ფეხბურთის ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა – ტომას მიულერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის „ბაიერნს“ დატოვებს.

35 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ღია წერილით საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მიუნხენის „ბაიერნის“ გულშემატკივრებს აცნობა.

„აქ 25 წელი გავატარე და ზაფხულში გუნდს დავტოვებ. ეს საოცარი მოგზაურობა იყო, შესანიშნავი შეხვერებითა და დაუვიწყარი ტიტულებით. განსაკუთრებული კავშირი კლუბთან და გულშემატკივრებთან სამუდამოდ მექნება. წასვლის წინ რაც მსურს, ტიტულების მოგებაა.

მომდევნო კვირების მანძილზე ყველაფერი უნდა გავიღოთ, რათა ბუნდესლიგის ტიტული დავიბრუნოთ და ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩვენს სტადიონზე, მიუნხენში“, – აღნიშნავს მიულერი.

ტომას მიულერი გერმანიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბის აკადემიაში 2000 წელს მოხვდა. მას შემდეგ ყველა საფეხური გაიარა და მთავარ გუნდში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა.

„ბაიერნის“ მაისურით ამ მომენტამდე ფეხბურთელმა 743 მატჩი ჩაატარა, რაც ბავარიული გუნდის რიგებში ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. მან 247 გოლი გაიტანა და 273 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიულერმა „რეკორდმაისტერის“ რიგებში 12-ჯერ – გერმანიის ბუნდესლიგა, ხოლო ორჯერ, 2013 და 2020 წლებში, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.