ოფიციალურად - მეივეზერი და პაკიაო 19 სექტემბერს ლას ვეგასში შეხვდებიან ერთმანეთს #1TVSPORT
ოფიციალურად - მეივეზერი და პაკიაო 19 სექტემბერს ლას ვეგასში შეხვდებიან ერთმანეთს #1TVSPORT

ლეგენდარული მოკრივეები – ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი და ფილიპინელი მენი პაკიაო მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს პროფესიულ რინგზე. ბრძოლის თარიღია 2026 წლის 19 სექტემბერი, ჩატარების ადგილი – ლას ვეგასის არენა Sphere-ი, ხოლო მთელ მსოფლიოში პირდაპირი ტრანსლიაციის ორგანიზატორი იქნება კომპანია Netflix-ი.

საგამოფენო შეხვედრებისგან განსხვავებით, რომლებშიც ბოლო წლებში მოკრივეები მონაწილეობდნენ, ეს შეხვედრა ოფიციალური იქნება. მეივეზერს პროფესიულ რინგზე 50-დან 50 ბრძოლა (27 – ნოკაუტით) აქვს მოგებილი, პაკიაოს ანგარიშზეა 62 მოგება (39 – ნოკაუტით), 8 მარცხი და 3 ფრე.

ამ მოკრივეების პირველი დაპირისპირება, რომელსაც „საუკუნის ბრძოლა“ უწოდეს, 2015 წლის მაისში გაიმართა. მაშინ ამერიკელმა ქულებით მოიგო და დაიცვა ტიტულები ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ს, WBC-სა და WBO-ს ვერსიებით. მაშინდელი ბრძოლა კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო კრივის ისტორიაში. საერთო შემოსავალმა ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა. მეივეზერმა ჰონორარის სახით 300 მილიონი გამოიმუშავა, პაკიაომ – 150 მილიონი.