ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალს გამოტოვებს #1TVSPORT
ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალს გამოტოვებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში ესპანეთთან გაფრთხილება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელისთვის ვალიადოლიდში ჩატარებულ მატჩში მიღებული ყვითელი ბარათი შესარჩევ ციკლში მესამე აღმოჩნდა. უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის დებულებით (54. 02. პუნქტი), შესარჩევი ტურნირის დროს ფეხბურთელი შემდეგ თამაშს ტოვებს სამი და ყოველი ორი შემდგომი გაფრთხილების მიღებით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო სამი საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.

21 და 26 მარტს გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს თბილისში ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგის, ან აზერბაიჯანის ნაკრებს, ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა, თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას „დინამო არენის“ ტრიბუნებიდან ამხნევებს ხოლმე.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ჰქვია“, – აცხადებს მუჯირი.

ასევე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქის, ლუქსემბურგის ერთ-ერთი ლიდერი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარის, „სანქტ პაულის“ შემტევი დანელ სინანი პლეი ოფში ვერ ითამაშებს.