ოფიციალურად – ხოსეპ გუარდიოლა სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს #1TVSPORT

14:16, 22.05.2026

ხოსეპ გუარდიოლა სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„მიუხედავად „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვებისა, გუარდიოლა გლობალური ელჩის რანგში გააგრძელებს ურთიერთობას City Football Group-თან. ამ ამპლუაში ის ჯგუფში შემავალ კლუბებს ტექნიკურ რჩევებს მისცემს და კონკრეტულ პროექტებსა თუ კოლაბორაციებზე იმუშავებს“, – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.

ხოსეპ გუარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი 2016 წელს გახდა და გუნდის ისტორიაში მომდევნო 10 წელი ყველაზე წარმატებული იყო.

ესპანელი სპეციალისტი ინგლისურ გუნდს 592 მატჩის განმავლობაში გაუძღვა, საიდანაც 416 მოიგო. მასთან ერთად „მანჩესტერ სიტი“ 20 ტიტულს დაეუფლა – მათ შორის ექვსჯერ გაიმარჯვა ინგლისის პრემიერლიგაში და 2023 წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მოიპოვა.

55 წლის გუარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 24 მაისს „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ უკანასკნელად გაუძღვება. სავარაუდოდ, ზაფხულში მას იტალიელი ენცო მარესკა შეცვლის.

მსგავსი