ოფიციალურად - კევინ დურანტი სუპერფინალის პირველ შეხვედრას გამოტოვებს
სტივ კერი და „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ გუშინ მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მოახლებულ სუპერფინალთან დაკავშირებით ისაუბრეს. ჟურნალისტების უმთავრესი შეკითხვა, რა თქმა უნდა, „უორიორზის“ ლიდერ კევინ დურანტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა. როგორც ირკვევა, „დურანტულა“ სუპერფინალის პირველ შეხვედრას აუცილებლად გამოტოვებს. თუმცა, ერთი კარგი ინფორმაცია მოქმედი ჩემპიონის ფანებისთვის არის ის, რომ დემარკუს კაზენსის სტატუსი შეიცვალა და შესაძლოა „ბუგი“ უახლოეს მატჩებში საკუთარ გუნდს დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ დურანტმა ტრავმა „ჰიუსტონთან“ სერიაში მიიღო. მას შემდეგ „გოლდენ სტეიტმა“ ხუთი შეხვედრა მოიგო და არცერთი მარცხი არ განუცდია. სუპერფინალის პირველი მატჩი 31 მაისს, ტორონტოში, თბილისის დროით დილის 05:00 საათზე დაიწყება.