ოფიციალურად - კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ნახევარმცველ კაზემიროს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შესახებ. ინგლისური კლუბი ფეხბურთელში 70 მილიონ ევროს გადაიხდის, კიდევ 15 მილიონი ბონუსებით არის გათვალისწინებული. თავის დროზე, „რეალს“ კაზემიროს შეძენა 13.4 მილიონი ევრო დაუჯდა. ასე რომ, მადრიდულმა კლუბმა 57 მილიონი მოგება ნახა, თან ბრაზილიელთან თანამშრომლობისას 18 ტიტული მოიგო.
კაზემიროს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შესახებ ჭორები ერთი კვირის წინ გაჩნდა და ტრანსფერი უმოკლეს დროში განხორციელდა. როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, მთავარი როლი ითამაშა თავად ფეხბურთელის სურვილმა. ბრაზილიელმა მიიჩნია, რომ ცოტა ხნის წინ უეფა-ს სუპერთასის მოგებით დასრულდა გარკვეული ციკლი მის კარიერაში და ახლა მას ახალი გამოწვევა სჭირდება.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეკონომიკურ ფაქტორს – კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედში“ ორჯერ მეტ ხელფასს მიიღებს, თან გარანტირებული კონტრაქტი ექნება 2027 წლის ზაფხულამდე, „რეალთან“ კი მას 2025 წელს ეწურებოდა ხელშეკრულება.
„რეალმა“ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება:
„რეალმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოილაპარაკეს კარლოს ენრიკე კაზემიროს ტრანსფერზე.
„რეალს“ სურს გამოხატოს თავისი მადლიერება იმ მოთამაშის მიმართ, რომელიც უკვე მიიჩნევა ამ კლუბის ლეგენდის ნაწილად.
მას შემდეგ, რაც ის 2013 წლის იანვარში მოვიდა ჩვენთან 20 წლის ასაკში, კაზემირო გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებილ პერიოდში. ამ დროის განმავლობაში მან 18 ტიტული მოიგო: ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი. სამჯერ ევროპის სუპერთასი, სამჯერ ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი და სამჯერ ესპანეთის სუპერთასი.
გარდა ამ ბრწყინვალე ჩამონათვალისა, კაზემირო ყოველთვის იყო ჩვენი კლუბის ღირებულებების დამცველი და სამაგალითო ფეხბურთელი, რომელმაც ყველაფერი გაიღო „რეალისთვის“.
„რეალი“ ყოველთვის იყო და იქნება მისი სახლი და ჩვენ ვუსურვებთ მას და მის ოჯახს წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე.
ორშაბათს, 22 აგვისტოს „რეალ მადრიდ სიტიში“ გაიმართება კაზემიროსთან გამოთხოვების ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი“.