ოფიციალურად - იურგენ კლოპი სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს #1TVSPORT
ოფიციალურად - იურგენ კლოპი სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს #1TVSPORT

ინგლისური „ლივერპულის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

56 წლის სპეციალისტის განცხადებით, ენერგია ამოეწურა და გადაწყვეტილების მიზეზიც სწორედ ესაა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იცის, გულშემატკივრებისთვის ეს ინფორმაცია რამდენად მოულოდნელია.

„სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულს“ დავტოვებ. ვიცი, ეს გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი იქნება. ამ კლუბში ყველაფერი მიყვარს, თუმცა ენერგია ამომეწურა. ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა“, – განაცხადა იურგენ კლოპმა.

გერმანელი სპეციალისტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია „ლივერპულის“ ისტორიაში. ინგლისურ გუნდს ის 2015 წელს ჩაუდგა სათავეში და ამ დროის განმავლობაში პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ლიგის თასი, ასოციაციის თასი, უეფა-ს სუპერთასი, ინგლისის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მიმდინარე სეზონში „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგაში პირველ ადგილზეა. რამდენიმე დღის წინ გუნდმა ასევე მოიპოვა ინგლისის ლიგის თასის ფინალის საგზური.