ოფიციალურად - ჰემილტონმა „მერსედესთან“ კონტრაქტი გააგრძელა
ოფიციალურად - ჰემილტონმა „მერსედესთან“ კონტრაქტი გააგრძელა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა ახალი კონტრაქტი გააფორმა გერმანულ საჯინიბო „მერსედესთან“. ხელშეკრულება ერთწლიანია და ჰემილტონი გუნდში რიგით მეცხრე სეზონს ჩაატარებს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მივუახლოვდი მეცხრე სეზონს „მერსედესში“ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. ჩვენმა გუნდმა ერთად დაუჯერებელ შედეგებს მიაღწია და მოუთმენლად ველოდებით ჩვენი წარმატების გაგრძელებას. მუდმივად ვისწრაფით სრულყოფისკენ როგორც ტრასაზე, ასევე მის მიღმა”, – განაცხადა ჰემილტონმა.

„ლუისთან ერთად გადავწყვიტეთ კიდევ ერთი სეზონით გავაგრძელოთ სპორტული ურთიერთობა და დავიწყოთ მრავალწლიანი პროექტი, რათა მორიგი ნაბიჯი გადავდგათ წინ სპორტის ჩვენს სახეობაში. ლუისის რეკორდები სპორტული სამყაროს საუკეთესო მიღწევებს შორისაა. ის არის ჩვენი ბრენდის ძვირფასი ელჩი. ბოლო რვა წლის განმავლობაში, „მერსედესისა“ და ლუისის ისტორია ჩვენი სპორტის ისტორიის სახელმძღვანელოში ჩაიწერა და გვინდა ამ ისტორიის წერა გავაგრძელოთ“, – განაცხადა „მერსედესის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ტოტო ვოლფმა.

დასრულებულ სეზონში ჰემილტონმა მეშვიდედ მოიპოვა საჩემპიონო ტიტული, რითაც ლეგენდარული გერმანელის მიხაელ შუმახერის რეკორდი გაიმეორა. გარდა ამისა, მან გააუმჯობესა შუმახერის რეკორდი კარიერაში მოგებული ეტაპების რაოდენობით. ახლა, ბრიტანელის ანგარიშზე 95 მოგებული გრანპრია.

დატოვე კომენტარი