ოფიციალურად - გიორგი კვერნაძე „ფროსინონეს“ მოთამაშეა, ის იტალიაში ფოთის „კოლხეთიდან“ გადავიდა #1TVSPORT
ოფიციალურად - გიორგი კვერნაძე „ფროსინონეს“ მოთამაშეა, ის იტალიაში ფოთის „კოლხეთიდან“ გადავიდა #1TVSPORT

გიორგი კვერნაძე „ფროსინონეს“ ახალი ფეხბურთელია. ქართველი იტალიურ კლუბში საიჯარო ხელშეკრულებითა და გამოსყიდვის უფლებით ითამაშებს, – ინფორმაციას სერია A-ს კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„„ფროსინონე“ შეუთანხმდა ფოთის „კოლხეთი 1913“-ს  გიორგი კვერნაძის შეძენაზე. 2003 წელს დაბადებული ფორვარდი დროებით, გამოსყიდვის უფლებით ჩამოდის“, – წერია კლუბის გავრცელებულ ინფორმაციაში.

საინტერესო დეტალია, რომ „ფროსინონე“ გაურიგდა ფოთის „კოლხეთი 1913“-ს და არა ბათუმის „დინამოს“, სადაც 20 წლის ფეხბურთელი თამაშობდა. ამასთან დაკავშირებით ბათუმელთა პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან ერთი კვირის წინ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გიორგი კვერნაძის ტრანსფერი სწორედ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს ეკუთვნოდა, მათთან კი მოთამაშე იჯარის წესით გამოდიოდა.

2003 წელს დაბადებული ფორვარდი მეორე ქართველი იქნება სერია A-ში. გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იტალიის ჩემპიონატში ლუკა ლოჩოშვილი თამაშობდა („კრემონეზეში“), მაგრამ მისი გუნდი სერია B-ში გავარდა და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს საქართველოს ნაკრების მცველი კარიერას.