ოფიციალურად – ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლუის დე ლა ფუენტესთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა #1TVSPORT
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ლუის დე ლა ფუენტე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2032 წლამდე დარჩება. მხარეებმა ახალი ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმეს.
აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რაფაელ ლუზანმა განაცხადა:
„ჩვენი მიზანია განვავითაროთ ნდობასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული პროექტი. ეს შეთავაზება სწორედ დე ლა ფუენტესა და მისი სპორტული ხედვისადმი ჩვენს რწმენას გამოხატავს. გეგმა მრავალწლიან საფეხბურთო ციკლსა და მნიშვნელოვან ტურნირებს აერთიანებს. ჩვენ ვსაუბრობთ ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებულ და ტიტულოვან მწვრთნელზე. ფედერაციაში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილების შემდეგ, ის ნამდვილად იმსახურებს ესპანეთის ნაკრებში გრძელვადიან პერსპექტივას“.
ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ეროვნული გუნდი 2023 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა უკვე მოახერხა ერთა ლიგის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მოგება.
65 წლის ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 49 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 39 შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა, 7 დაპირისპირება ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა.