ოფიციალურად დადასტურდა – ლუკა გადრანი ალმათის „ქაირათიდან“ „ბეითარში“ გადავიდა #1TVSPORT
ლუკა გადრანი ალმათის „ქაირათს“ დაემშვიდობა და იერუსალიმის „ბეითარში“ ითამაშებს – ინფორმციას ისრაელის კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ირკვევა, გადრანი „ბეითარში“ დეკემბერში უნდა გადასულიყო, მაგრამ მოვლენები დაჩქარდა და ტრანსფერი ახლა განხორციელდა.
„იერუსალიმის „ბეითარი“ სიამოვნებით აცხადებს, რომ ქართველმა მცველმა, ლუკა გადრანმა კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „ბეითარს“ მომავალ კვირაში შეუერთდება. თავდაპირველად მისი ჩამოსვლა დეკემბერში იგეგმებოდა, თუმცა „ბეითარმა“ და „ქაირათმა“ შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელი ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს.
გადრანი გუნდში მეექვსე უცხოელი იქნება. 28 წლის ქართველ მცველს კარიერაში რამდენიმე ეტაპი ჰქონდა, რომელთაგან ყველაზე აღსანიშნავი გასულ სეზონში „ქაირათთან“ ერთად ყაზახეთის ჩემპიონობა იყო. ქართველი მცველი თამაშობდა ყაზახურ „აქტობეში“, სადაც 25-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და „ქაირათში“ გადავიდა. ცოტა ხნის წინ კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს“, – წერია „ბეითარის“ გვერდზე.