ოფიციალურად - ცოტნე კაპანაძე „დუნაისკა სტრედას“ ფეხბურთელია #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ მცველი ცოტნე კაპანაძე სლოვაკური „დუნაისკა სტრედას“ მოთამაშე გახდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.
„მოხარულნი ვართ, გაცნობოთ, რომ საქართველოს ჩემპიონ „იბერიიდან“ (ყოფილი „საბურთალო“) 23 წლის მცველი ცოტნე კაპანაძე შემოგვიერთდა. მისი კონტრაქტი „დუნაისკა სტრედასთან“ 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი და ასევე მოიცავს დამატებით ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტს. ცოტნე, მოგესალმებით „დუნაისკა სტრედაში“ და წარმატებებს გისურვებთ“, – წერია კლუბის განცხადებაში.
„დიდი მადლობა „დუნაისკა სტრედას“ წინსვლის შესაძლებლობისთვის. მჯერა, ახალ თანაგუნდელებთან ერთად ბევრ წარმატებულ მატჩს ჩავატარებ. გუნდს კარგი მოთამაშეები ჰყავს. ვეცდები, ყოველდღიურად დავეხმარო და წინსვლაში შევიტანო ჩემი წვლილი. ვფიქრობ, ჩემი ძლიერი მხარეებია სისწრაფე, ტექნიკა და შეტევებში ჩართვა. „დუნაისკა სტრედაში“ თავს მშვენივრად ვგრძნობ – პირველივე დღიდან ყველა ძალიან მეგობრულად მექცევა. როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც მაქვს ჩემი ოცნებები და მინდა, „დუნაისკა სტრედასთან“ ერთად ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშო“, – განაცხადა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კლუბის ისტორიაში პირველმა ქართველმა ფეხბურთელმა.
„ცოტნეს წარმატებული სეზონი ჰქონდა. ის მშობლიურ კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. კარიერაში მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც ძალიან სურდა ნაბიჯის წინ გადადგმა. ის „დუნაისკა სტრედაში“ ჩამოდის, როგორც თავისი ქვეყნის ჩემპიონი. მადლობა „იბერიას“, რომ ეს ტრანსფერი შესაძლებელი გახდა და წარმატებებს ვუსურვებთ“, – განაცხადა „დუნაისკა სტრედას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, იან ვან დაელმა.
ცოტნე კაპანაძე „დუნაისკა სტრედაში“ 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.