ნურმაგომედოვი - კონორისა და სერონეს ბრძოლა კარგად დადგმული ცირკი იყო
დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კონორ მაკგრეგორისა და დონალდ სერონეს ორთაბრძოლა შეაფასა და მათ დაპირისპირებას ცირკი უწოდა, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ბრძოლა დადგმული იყო.
„არ მგონია, რომ ეს ბრძოლა წინასწარ დადგმული იყო. ასე ვფიქრობ, მაგრამ შესაძლოა, ვცდები. რატომ? ასეთი დიდი ორგანიზაცია, ასეთი დიდი ისტორიით – ისინი რისკზე არ წავლენ, რადგან დადგმული ბრძოლა მათი რეპუტაციისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
რაც შეეხება მეტოქეებს, ზუსტად გაარტყეს. იმიტომ რომ ის არ არის სერიოზული მოწინააღმდეგე (იგულისხმება სერონე). ის იგებს, იგებს და როცა საქმე დიდ ბრძოლამდე მიდის, ყველაფერი წყალში იყრება. მენტალურად და ფსიქოლოგიურად ძალიან სუსტი ადამიანია. ასე ხდება ხოლმე და კონკრეტული მაგალითის მოყვანა არ მინდა. უბრალოდ, ვთქვათ ასე – ბრძოლა კარგად დადგმული ცირკი იყო“ – განაცხადა დაღესტნელმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ოქტაგონს ტრიუმფით დაუბრუნდა. ირლანდიელმა დონალდ „კოვბოი“ სერონე 40 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.