ნუკრი რევიშვილი - „დიდუბე 2014“-ს დიდი მიზნები აქვს, ეროვნულ ლიგაში გადასვლა და საკუთარი სტადიონის აშენება გვსურს #1TVSPORT
საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება და ცნობილი გახდა სამი გუნდი, რომლებიც ახალი სეზონიდან ლიგა 3-ში ითამაშებენ – თბილისის „დიდუბე 2014“, ზუგდიდის „ოდიში 1913“ და ზესტაფონის „მარგვეთი 2006“.
„დიდუბე 2014“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, ლაშა მიმინოშვილმა დააფუძნა, კლუბის სპორტული დირექტორი ახლო წარსულში „ჯვაროსნების“ ყოფილი მეკარე, მამუკა ჯუღელის პარტნიორი ნუკრი რევიშვილია. „დიდუბე 2014“-ის ხელმძღვანელებს ეროვნულ ლიგაში გადასვლა და უახლოეს პერიოდში საკუთარი საფეხბურთო აკადემიისა და ბაზის აშენება სურთ.
„ამ გუნდის წარმატება, უპირველესად, მისი დამფუძნებლების, ძმების, ლაშა და რევაზ მიმინოშვილების დამსახურებაა, რომლებმაც პროფესიული კლუბი ჩამოაყალიბეს. გვერდში ბიზნესმენები დაგვიდნენ და მესამე ლიგაში გადავედით. გვინდა, სამომავლოდ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც ქართულ ფეხბურთში თავის სიტყვას იტყვის.
ფეხბურთისა და კლუბის განვითარებისთვის ბევრი კარგი ჩანაფიქრი გვაქვს. ვნახოთ, რა და როგორ გამოვა. გვინდა, რომ ეროვნულ ლიგაში ვითამაშოთ, ეს კონკურენციას გაზრდის და ქართულ ფეხბურთს წაადგება.
გუნდი რაც უნდა წარმატებული იყოს, ბაზისა და სტადიონის გარეშე წინსვლა წარმოუდგებელია, გამართული ინფრასტრუქტურა ყველაზე მთავარია. ჩვენ სტადიონისა და ბაზის აშენების პრობლემა არ გვაქვს, პრობლემა ტერიტორიაა, მაგრამ იმედია, ამ საკითხსაც მალე მოვაგვარებთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ნუკრი რევიშვილმა.