ნუკრი ქანთარიამ გიგა ბოკერიას მიმართა - თქვენი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია, მოიცვალა ხალხმა, თან თქვენც დააძრეთ 2012-ში
ნუკრი ქანთარიამ გიგა ბოკერიას მიმართა - თქვენი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია, მოიცვალა ხალხმა, თან თქვენც დააძრეთ 2012-ში

თქვენი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია, მოიცვალა ხალხმა, თან თქვენც დააძრეთ 2012-ში, – მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიას.

გიგა ბოკერიას კვლავ პოლიტიკურ ველზე ყოფნა ქანთარიამ ხელისუფლების მთავარ დანაშაულად შეაფასა.

„ერთ ძალიან კარგ და დიდებულ ამბავს მინდა გამოვეხმაურო. გუშინ თუ გუშინწინ ყური მოვკარი და მერე მოვუსმინე ჩვენი სასიქადულო დეპუტატის, ბატონი ბოკერიას წინასაარჩევნო სტრატეგია-ტრალი-ვალის და სიმართლე რომ გითხრათ, გულზე მომეშვა. მინდა, „ოცნების“ წევრებსაც მივულოცო ეს სასიხარულო ამბავი, რომ თურმე ბატონი ბოკერია მოდის ხელისუფლებაში და არ დაგვიჭერს, მეგობრებო. არ ვიცი, ეს მართლაც დიდი ამბავია. იმიტომ კი არ დაგვიჭერს, დანაშაული არ გვაქვს ან ვეცოდებით – არა, პოლიტიკურად ეს თურმე ძალიან სწორი იქნება და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილსაც არ დაიჭერს არავითარი დანაშაულის გამო.

არადა, ჩვენი მთავარი დანაშაული, ვფიქრობ, ის არის, რომ თქვენ და თქვენისთანები, გიგა, ბიძი, დასრიალებთ ისევ პოლიტიკურ ველზე. მე არ ვარ დარწმუნებული და არ ვიცი, სიგარეტი გეჭირა თუ არა, მაგრამ იმდენად სპეციფიკური ხმა გაქვს, რომ ძალიან მეეჭვება, რომ ვერ ამოეცნე ცხონებულ სულხან მოლაშვილს და ირაკლი ბათიაშვილიც არ ცდება, როდესაც ამბობს, რომ მისი უსამართლო დაჭერის ერთ-ერთი მთავარი მოთავე იყავით თქვენ. ასე რომ, ეს გარანტი მშვიდობის და თითქოს მშვიდობის მტრედობა და სტაბილურობის გარანტი ვერ გახდებით და ვერც მოსახლეობას ამას ვერ დააჯერებთ, რადგან თქვენი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია, მოიცვალა ჩვენმა მოსახლეობამ. ჯერ ერთი, თქვენ დააძრეთ 2012 წელში, ეს მინდა გაგახსენოთ. ერთი მხრივ, ამას ჩვენი მოქალაქეები არ დაიჯერებენ და მეორეც, გიგა, აი, ამ ვითომ მიმტევებლური რაღაც განცხადებით ეშმაკთანაც იფუჭებ საქმეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ პარტიას და იმ პოლიტიკურ ჯგუფს მართლა, ჩემდა თავად, რა ვუთხარი, თქვენი მისატევებელი რომ გახდება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ამასთან, ნუკრი ქანთარიამ იკითხა, არის თუ არა გიგა ბოკერიასთან დაკავშირებული მისი გარკვეული მოსაზრებები ეთიკის დარღვევა.

​„ახლა მინდა, პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართო. ბატონო არჩილ, აქ ჩვენ ეთიკის საბჭო გვაქვს და არ მინდა, რამე დავარღვიო, ამაზე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჯარიმებია. საბჭოს თავმჯდომარე არ ვიცი, ვინ არის. მხოლოდ, მინდა, ვიკითხო, ეს ჩამეთვლება თუ არა დარღვევად, რომ ბატონ ბოკერიასთან დაკავშირებით, რომ მგონია, ეს განცხადება არის უტიფრობა, გაიძვერობა და ის მართლა არის დემაგოგიის დოქტორანტი. ეს ჩაითვლება დარღვევად თუ თავისუფლების გამოხატვის სფეროში გავა. არ ვამბობ, ჯერჯერობით ვკითხულობ მხოლოდ. თუ დარღვევაა, შემოვინახავ ამ ეპითეტებს შემდგომისთვის, უკვე პარლამენტის გარეთ. ასე რომ, გიგა, ბიძი, ფრთხილად იყავი ასეთი განცხადებების დროს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.