ნუკრი ქანთარია - 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ბაცილები დარჩა, თუმცა რეჟიმი გასტუმრებულია
ნუკრი ქანთარია - 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ბაცილები დარჩა, თუმცა რეჟიმი გასტუმრებულია

2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ბაცილები დარჩა, თუმცა რეჟიმი გასტუმრებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ქანთარიას თქმით, ეს დღე, როგორც საქართველოს მოქალაქეების ენერგიის გაერთიანების დღე, ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში.

„ამ დღეს, პირველ ოქტომბერს, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევით ეპოქალური ცვლილება მოხდა, შეიცვალა მშვიდობიანად რეჟიმი. მართალია, ბაცილები დარჩა და ამ ბაცილებს ვხედავთ დღესაც, მაგრამ რეჟიმი ძირითადად გასტუმრებულ იქნა და მოქალაქე, პიროვნება განთავისუფლდა, მას შეუძლია დღეს, ყოველგვარი კრიტიკული აზრის შემდეგ შვიდობიანად წავიდეს სახლში.

ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, ბევრი რამეც, დიდი იმედი მაქვს, რომ გაკეთდება მომავალში. ბუნებრივია, რომ მოვა ახალი ხალხი, თაობა მიდის, თაობა მოდის, ძირითადად სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული, მაგრამ ეს დღე, როგორც საქართველოს მოქალაქეების ენერგიის გაერთიანების დღე, ვფიქრობ, ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ქანთარიამ საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა, მათაც ვინც დღეს გარკვეულად გულნატკენიცაა.

„მინდა მივულოცო ყველა იმ გულანთებულ მოქალაქეს, რომელიც, როგორც ერთი ადამიანი, იდგა, არ შეუშინდა არავითარ ხიფათს მაშინ და მშვიდობიანად მოახერხა იმ რეჟიმის გასტუმრება, რომლის მეთაურსაც ხშირად ვხედავთ უკვე, რა ტალღაზეა, რა დღეშია და რა იქნებოდა მართლაც მის ხელში ქვეყანა და რანაირად განვითარდებოდა.

მე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას დღევანდელი დღე, მივულოცო მათაც, ვისაც უკვე გარკვეული გულისტკენაც შეიძლება აქვს, მოლოდინებიც მეტი ჰქონდა, მაგრამ დარწმუნებით მინდა ვუთხრა, მაშინ მთავარი აღსრულდა, აღსრულდა მთავარი და აი სწორედ აიმ დღეს, პირველ ოქტომბერს ვულოცავ ყველას, საქართველოს მოქალაქეს და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში სწორედ ბოლომდე შევძლებთ ჩვენ პირნათელი ვიყოთ სწორედ აი ამ მოქალაქეების, ჩვენი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დატოვე კომენტარი