ნუგზარ წიკლაური - მივმართავთ მთავრობას, დაასრულოს საქართველოსათვის ეგზისტენციალური თემებით მანიპულაცია
ნუგზარ წიკლაური - მივმართავთ მთავრობას, დაასრულოს საქართველოსათვის ეგზისტენციალური თემებით მანიპულაცია

მივმართავთ მთავრობას, დაასრულოს ეგზისტენციალური თემებით მანიპულაცია, ერთმნიშვნელოვანი პასუხით წერტილი დაუსვას, რომ არ აპირებს არანაირ ურთიერთობას ოკუპანტ რუსეთთან და ნეიტრალიტეტის არანაირ განხილვას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წიკლაურმა ბრიფინგის დასაწყისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გამოხატა „ურყევი ერთიანობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის მთავრობის და უკრაინის მებრძოლი პრეზიდენტის მიმართ“.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას გამოხატავს პრეზიდენტი ზელენსკი და ამ მიზეზით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს რუს აგრესორებთან ბრძოლაში. ამის საპირისპიროდ, საქართველოში ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც პირიქით, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და თავს ესხმის თავისუფლებისთვის მებრძოლ მეგობარ ქვეყანას. ამ კონტექსტში, მინდა, გამოვეხმაურო მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, რაც იყო იმ კოლაბორაციული კურსის გაგრძელება, რაც მმართველ პარტიას აქვს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების პირველივე დღიდან. ამ ბრიფინგით და ნეიტრალიტეტის კიდევ ერთხელ წამოწევით კიდევ ერთხელ წამოიწია, რომ „ქართული ოცნება“ არის დღეს რუსული პარტია და რუსული პარტიის წარმომადგენლები ვერ ასახელებენ საერთოდ, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში; აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აიძულა მეგობარ ქვეყანას, გაეწვია ელჩი საქართველოდან; ამ კონტექსტში, უნდა გავიხსენოთ, რომ რუსული პარტია ასობით მილიონი ლარით აფინანსებს რუსული იარაღის მწარმოებლებს და „ქართული ოცნება“ აკეთებს რუსულ საქმეს. რუსული საქმე არის ნეიტრალიტეტის თემის წამოწევა და სპეკულაცია. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ დააბრალოს ის პოლიტიკურ ოპონენტებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მკაფიო პოზიციაა, რომ ნეიტრალიტეტის განხილვაც კი არის ჩვენი ისტორიული არჩევანის შეურაცხყოფა, ქვეყნის ინტერესების ღალატი და ქვეყნის გაყიდვა და ჩაბარება. ამიტომ მივმართავთ რუსულ პარტიას, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობაშია, რომ დაასრულოს საქართველოსათვის ეგზისტენციალური თემებით მანიპულაცია; დაასრულოს ეს უსაგნო ფართი-ფურთი, გამოვიდეს და ერთმნიშვნელოვანი პასუხით წერტილი დაუსვას იმ ეჭვებს, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში, რომ არ აპირებს არანაირ ურთიერთობას ოკუპანტ რუსეთთან და არანაირ განხილვას ნეიტრალიტეტის თემის“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.