ნუგზარ ტატალაშვილი ყაზანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ყაზანის გრანდ სლემის მეორე დღეს მონაწილე სამი ქართველი სპორტსმენიდან მედლის მოპოვების შანსს მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილი ინარჩუნებს. 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა პირველ ბრძოლაში ფილიპინელი ნაკანო დაამარცხა, შემდეგ აზერბაიჯანელ ოსმანოვს აჯობა, მეოთხედფინალში კი რუმინელ რაიკუს მოუგო. ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ტატალაშვილი აიუბ ხაზალიევს დაუპირისპირდა, დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ვაძიმ შოკასთან უწევს. ლუკა კაპანაძე (73 კგ.) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ.) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ყაზანის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე მშვიდობაძე ურთულეს, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ლუხუმ ჩხვიმიანმა რობერტ მშვიდობაძეს დამატებითი დროის მეხუთე წუთზე სუფთა გამარჯვებით სძლია.
ტოკიოს ოლიმპიადამდე ყაზანის გრანდ სლემი ამ რანგის ბოლო ტურნირია ძიუდოში, 6-13 ივნისს კი ბუდაპეშტი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. სწორედ ეს ორი ასპარეზობა – ყაზანის გრანდ სლემი და მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ბოლო ორი ტურნირი, სადაც ოლიმპიური ლიცენზიები გათამაშდება. წინასწარი შეხვედრები დღეს 12:00 საათზე დაიწყო , ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.