ნუ იქნები იდიოტი - ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სოციალური რეკლამა წამოიწყო (ვიდეო)
ნუ იქნები იდიოტი - ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სოციალური რეკლამა წამოიწყო (ვიდეო)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სოციალური რეკლამა წამოიწყო, რომლის სახელწოდებაა „ნუ იქნები იდიოტი“. რეკლამის მიზანია, ამაღლდეს გულშემატკივრების ცნობიერება და შემცირდეს ანტისოციალური ქცევების რაოდენობა ინგლისის ნაკრების მონაწილეობით მიმდინარე მატჩების დროს.

ვიდეოში, მსახიობების გარდა, მონაწილეობს ასევე ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი, რომელიც გულშემატკივრებს მიმართავს: „თქვენ ჩვენი გუნდის ნაწილი ხართ, ქვეყანამ თქვენით უნდა იამაყოს“.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი მარტინ გლენი აცხადებს, რომ კამპანიის დაწყების მიზეზი გულშემატკივრების მხრიდან ანტისოციალური ქცევის ფაქტების ზრდა გახდა.

„ინგლისური ფეხბურთისთვის არაჩვეულებრივი სეზონი იყო, მაგრამ ზოგიერთი გულშემატკივარი ამ წარმატებებს ჩრდილს აყენებს“, – განაცხადა გლენმა.

გასულ წელს, ინგლისისა და ნიდერლანდების ნაკრებების თამაშის დროს, ამსტერდამში ასზე მეტი ინგლისელი გულშემატკივარი იქნა დაკავებული.

უახლოესი თამაში ინგლისელებს პორტუგალიაში ელით, სადაც ერთა ლიგის საპლეიოფო ეტაპის ნახევარფინალში ისევ ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.