ნოზაძე შემდეგ წრეშია, ჩხვიმიანი დოჰას მასტერსს გამოეთიშა (ვიდეო)

2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს დაიწყო.

მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას ოთხი მამაკაცი და ორი ქალი ძიუდოისტი იცავდნენ, საიდანაც სამი სპორტსმენი პირველ წრეშივე გამოეთიშა ასპარეზობას. 60კგ-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, 2019/2020 წლების მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველი შეხვედრა სამხრეთკორეელ ვონ ჩინ კიმთან გამართა და სამწუხაროდ ორთაბრძოლა დამატებით დროში დათმო. ასევე პირველ წრეში გამოეთიშნენ ასპარეზობას ქართველი ქალი ძიუდოსტები ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ). ორივე მათგანი ისრაელის წარმომადგენელ სპორტსმენებთან დამარცხდნენ.

60კგ წონით კატეგორიაში პირველ წრეში იჭიდავა ახალგაზრდა ქართველმა თემურ ნოზაძემ, რომელმაც საკუთარ დაპირისპირებაში გამოცდილი ბრაზილიელი სპორტსმენი ერიკ ტაკაბაკატე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ცოტა ხნით ადრე 66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი პირველივე წრეში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორს, რუს მიხაილ პულიაევს შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა. 66კგ-ში მეორე ქართველი ბაგრატ ნინიაშვილი კი პირველ წრეში უკრაინელ ძიუდოისტს, ბოგდან იადოვს დაუპირისპირდა და დამატებით დროში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

დოჰაში დღეს წინასწარი შეხვედრები 11.00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18.00 საათზე გაიმართება.